X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

დაბა სურამში გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა

31 ივლისი 2020

დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა  

განხილვაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი მოსახლეობის,  თვითმმართველობის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები.  

ავტორთა ჯგუფმა,  პრეზენტაციის სახით, წარმოადგინა ინფორმაცია უკვე  ჩატარებული სამუშაოების  შესახებ.         
                                   
დაბა სურამის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ურბანიკა“ მუშაობს.

კონკურსის პირობების შესაბამისად, უნდა მომზადდეს დაბა სურამის გენერალური და მისი ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმები. სულ განსაზღვრულია 4 ეტაპი.  აქედან პირველი და მეორე ეტაპის სამუშაო უკვე დასრულდა, რომელიც მოიცავს მოსამზადებელ კვლევას და გენგეგმის კონცეფციას.

გენგეგმის კონცეფცია საქართველოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად გაცემული სკოპინგის დასკვნისა და საჯარო განხილვის საფუძველზე დამტკიცდება.

სურამის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციის შემუშავება  აუცილებელია დაბის უსისტემო განაშენიანებისგან დასაცავად. 

განაშენიანების გეგმების შემუშავებისას პრიორიტეტულად გასათვალისწინებელი საკითხებია - კურორტის ბუნებრივი პირობებისა და მინერალური წყლების გონივრულად გამოყენება, სურამის  საბავშვო კურორტის ფუნქციის აღორძინება, ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი ცენტრის კომპლექსურად მოწესრიგება, არქიტექტურულ-ესთეტიკური იერ-სახის გაუმჯობესება, ქაოსური სამშენებლო სამუშაოების წარმოების რისკის შემცირება, ებრაელთა უბნისა და სინაგოგის არსებული ვითარებისა და შესაძლებლობების ანალიზი, სურამის რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქცია,  ე. წ. ბრაუნფილდის - არსებული და მიტოვებული სამრეწველო ობიექტების პერსპექტივის განსაზღვრა.